როგორ მომინდი ამ ღამეში, ცივი წყალივით,
სიამოვნებით დავიბანდი ხელებს შენს თმებში.
შენი ყურითვე რომ მოგესმინა ეს მშვიდი ფრაზა,
უმალ მკითხავდი შებრუნებით: “როგორ მოგინდი?”
ჰოდა, თეთრ ხელებს ჩავუშვებდი ხშირ თმაში ღუზად,
გრილ თავის კანზე გავავლებდი მოგრძო ბილიკებს,
თვალმილულული მომადებდი მხარზე საფეთქელს
და მეც განვაგრძობ სეირნობას შენს თბილ სახეზე:
ნერვებს მიმშვიდებს კანის სითბო და სინოტივე,
ხელს ვერ გაშორებ მოხუჭული თვალის უპედან,
ქუთუთოს ერთი ჩამუხლვა და ღრმა სიმყუდროვე
ერთმანეთს ზუსტად უტოლდება, ორჯერ ორივით.
შენი სიმშვიდე მეფინება თავქვეშ ბალიშად,
ტანში დაცოცავს ბუსუსები ძილის სიცივის
და ამ ღამეში ისე ძლიერ, ისე მომინდი,
როგორც მოგზაურს წყალი, გზა და მთვარის ლიცლიცი.
უკვე ხუთი  საათია,  ერთ საათში გაგაღვიძებ,
შენი მშვიდი,  ფრთხილი ძილის საგუშაგო ავიშენე,
გფიქრობ,  გფერავ,  მახსენდები,  როგორც ძველი ჩანაწერი,
შენში ისე ვხეტიალობ,  როგორც მღვრიე სარდაფებში.
მერე გრძელი კალენდარის დერეფანში ვიკარგები-
თარიღები,  თარიღები,  მახსენდება ათასგვარი:
სექტემბერი მეთვრამეტე,  მეივლისე ოცდაათი,
მეთერთმეტე ზამთარი და შემოდგომა გარდაცვლილი.
ნოემბერი, დეკემბერი..  დეკემბერი..  დეკემბერი,
ასე ცხარე,  ასე მწველი,  სულ მთლად დაუჯერებელი…
უკვე ხუთი საათია,  ორი თვეც კი არის უკვე -
სულის ტევრში ჩამეხვია შენი თმების საუკუნე,
ნაფიქრალი,  ჩახერგილი – ნაგვიანად ახდენილი,
ისე მყუდრო და თარგივით უზუსტესად გამოჭრილი,
როგორც  სახლი სამკაული -  ქვის სასახლე,  ლოკოკინის..

ღამით მოლურჯოდ  ჩამონისლა თოვამ ჰაერი,
მთვარის ნათება გაიბურდა თოვლის ფერფლვაში,
ფიფქებს აგროვებს ქუდში ქერა ტომ სოიერი,
აუჩქარებლად ცეკვავს გზაზე წიწკვი ზამთარი.
გარეთ ფიფქი თოვს, ოთახს ათბობს თამბაქოს კვამლი,
შუშის სიცივემ გამიყინა მუხლისთავები,
ზამთრის თოვაში, ფიფქებთან ერთად,
ვცდილობ დავთვალო შენი ლოდინი.
ლურჯი ზარებით ეფინება ქალაქს მიტკალი
და ჯაზის რიტმებს ტანს აყოლებს ფიფქა ზამთარი…..
…… ფიფქა ზამთარი, ლურჯი ზარები,
ტომ სოიერი, მუხლისთავები,
ციცქნა მთვარე და ნისლის სურნელი…
ლოდინი, თოვა, ფანჯრის მინები…..
და ……. თბილი კოცნა ლავიწის ძვალზე –
უკვე მოხვედი –––
თოვლის და შენთვის ლოდინის თვლაში
ჩამძინებია ფანჯრის რაფაზე.
საჩუქარი წაიღე, საჩუქარი, არ დაგრჩეს!
თვლები კი გაიპარა, მაგრამ მაინც, წაიღე.
შავ-თეთრი საღამური, მცივანავ, მოგიქსოვე.
სათუთუნედ ჯიბეც აქვს, უბის წიგნსაც ჩაატევ,
მერე შენი ფიქრები, ღამით, ჩუმად ჩაწერე..
აწი თბილად გიგულებ, აღარ გამცრის ქარის ხმა,
როცა ვიცი, მხრისთავებს საღამური გიფარავს.
ქარი ღრუბლების კალთას დაემხო,
ვით ჩემი თმები – შენს გულისფიცარს,
ყოველი დილა ისევე ფეთქავს ,
როგორც ძარღვები, შენი ყბის ძვლისას.
ისე ნელია ეს შემოდგომა,
გვიყვარდა როგორც კოცნა ბინდისას…
..ისე ვიგლოვებ შენს მძიმე სიკვდილს,
როგორც ალვის ხე,ზამთრის პირისას.
გარეთ ისევ ღამეა,
ყმუის შავი ავაზა,
გადამღალა ფიქრებმა,
კარი ამიტალახა.
სულ ცოტა ხნით გაჩუმდეს,
გაქრეს მთელი სამყარო,
ჩუმად, ფრთხილად მოთოვოს,
გაათეთროს აყალო.
გარეთ ისევ ღამეა,
ისევ ყმუის ავაზა..
მე შენზე ვწერ შეფარვით,
მეჩქარება აღარსად . .
გარეთ თოვლის სუნი დგას,
გაბეზრებით აცივდა,
მოსაწყენი განწყობით
გუშინ, ჩემს სახლს აწვიმდა. .
დარჩა სადღაც, კუთხეში
მიგდებული წიგნივით,
ჩემი ფიქრთა ამალა,
ძველი სიზმრის ამარად,
ამოვქექავ სკივრიდან,
წერილების გროვებად,
მათი კითხვის ბურუსი
კიდევ ერთხელ მომთენთავს,
ისევ გავბეზრდები და
სკივრის ფსკერზე ჩავმარხავ,
გადაივლის ქარები,
კიდევ ბევრი თოვლის ხმა,
წერილებს კი უცვლელად,
ჩუმად, მოგწერ ადრესატს,
რა აზრი აქვს რამდენჯერ,
ორ სტრიქონს თუ ასგვერდას(?)
მაინც, შენზე წერისას
შევეყრები ფათერაკს,
გარეთ ახლაც ღამეა,
ახლაც აწვიმს სახურავს ,
სველ ჰაერში, ყმუილი
ახლაც ისმის, გაბმულად.
გავსებს, ღრმა ჩრდილით, ეგ თბილი თმები,
გიღებს სულის კარს, ეგ მღვრიე მზერა,
შენში არ ფეთქავს უმთვარო ღამე
შენში, მე მიყვარს ზღვა, ფიქრით სავსე,
ულევი ზეცა, გზა გასათელი,
ღერი თამბაქო და თხელი წვერი,
მხრებზე მოგახვევ შავთეთრ საღამურს
და დაგიკოცნი თვალებს, საამურს,
მფეთქავი სისხლით დატვირთულ მაჯებს
მშვიდად აღმართულ მხრებზე დაგაწყობ
და შენი თმებით გაბრუებული,
ღამის წყვდიადში, სევდას დავამხობ,
შევცურავ მძიმე ოკეანეში
და ნელი ცურვით ტალღებს გავაპობ,
ცაზე დაგრაგნილ ღრუბლებს დავითვლი
და მთვარის ყინულს სუნთქვით გავალღობ….
შენს სულში ჩავთვლემ, ჩავიძირები,
ცეცხლით აგავსებ, მთვარით გაგათბობ,
არ დავილევი, ცად ავმაღლდები
და ჩრდილით სავსე მზეზე გიამბობ,
არ მოვიგონებ ათას ერთ ზღაპარს,
მე მათ შენს თმაში ამოვიკითხავ
და როცა წლები თეთრად დამდაღავს
მე, სევდიანი კვლავ მოგაკითხავ,
რომ ძველ სითბოში ისევ დავბრუნდე,
რომ ისევ გითხრა, როგორ მაკლიხარ,
მკლავებს გადაღლით დაშვებულ მხრებზე
სუსტი ცახცახით ნელა დაგაწყობ,
ეს ემოცია უსასრულოა
და შენ, ერთადერთს, გარგუნებ მხოლოდ.