მე შენში ვგრძნობდი სევდას მილეულს,

ამოუქექავს, აღმოუჩენელს,

მინდოდა, გცმოდა თეთრი პერანგი

და მეც ლექსები ზედვე მეწერა.

შენი თმებითვე ნაქარგი კოფთა,

ღამით ძილისწინ არ გამეხადა,

გვქონოდა მყუდრო, ჩუმი ოთახი

და ის შავ-თეთრი კატაც გვყოლოდა,

საღამოს, სახლში შეფარებულნი

ჩვენ – მარლბოროს და ის – რძეს დალევდა.

თუმცა სამყარო არ ცნობს სიმშვიდეს,

არც იდილია ეხატება გულზე ყვავილად,

არც გაზაფხული ემეტება მეტად ხანგრძლივად,

მხოლოდ ზამთარი გადააბა მარტს დეკემბრიდან.

ამიტომაა, რომ არა გვყავს კატა მე და შენ,

არც ოთახი გვაქვს წვიმისფერი, დიდი ფანჯრებით,

აღარც თამბაქო, აღარც კოფთა ღამით ძილის წინ

და არც პერანგი – მოხატული ლურჯად, ლექსებით.

ფოსტა – “ლიონი”

Posted: ივლისი 9, 2013 in Uncategorized

მჭირდება წერილი!- ბევრი წერილი,

იქვე თამბაქო! – ბევრი თამბაქო,

მჭირდება მზერა, უხვი, უშრეტი,

მჭირდება წვეთი ღრმა ნიკოტინის –

ის კლავს წამებში –

არ დამჭირდება “გემშვიდობებით”..

მჭირდება ბევრი ბევრი წერილი,

ხანგრძლივი, წრფელი, აბზაცნარევი,

თუთუნის სუნით დამდგარი გუბე,

ამოლესილი ძარღვებში სისხლი,

შეფხიზლებული კანის სიმსუყე,

ნამძინარევი იოგის ხმები,

სიზმარნასვამი თვალის სიმრუდე…

მჭირდება ბევრი ბევრი წერილი,

ახალ-ახალი თამბაქოს ღერი,

მძიმე საფერფლე ლითონის ფერი

და წერილებით ახსნილი “მენდე”

ჩემი ფილტვები შავია, რუხი, შენი ფილტვები ვარდისფერია,

ჩემი ფილტვები ხმაურობს ბოხად, შენი ფილტვები ლაღად მღერიან,

მე მიყვარს კვამლი, თუთუნის სუნი, შენ გიყვარს სიო – მთიდან მოსული,

მე მიყვარს ღამით სტუმრობა ცეცხლთან – თამბაქოს ვუკმევ მთვარეს ფეხებთან.

შენ გიყვარს დილა – სისხამი – ციცა, წყალში გახვევა საბნის მაგივრად,

შენ გიყვარს წვიმა, მე მიყვარს შხაპი, ჩვენ ორნი არც თუ წავაგავთ რამით.

მე მიყვარს ძილი ბალიშის ყურზე, შენ ხელს იკეცავ ჯიუტად თავქვეშ,

მე მიყვარს ყავა – რძიანი, მწვავე, შენ გიყვარს ჩაი – არ იყრი შაქარს,

არ გვყავს საერთო გმირი და ფორას არ ვდებთ ძილის წინ – ვინ მალე მოვა.

მე დავიბადე მწვანე აპრილში, შენზე ივნისმა დასვა ტყუპობა.

ჩემი სამყარო ღამის ფერია, შენი კი ფრეში – გამჭვირვალეა . .

მე მიყვარს თრობა და ბევრი სექსი, შენთვის ერთხელაც საკმარისია.

ჩემი ფილტვები შავია, რუხი, ხმაურობს ბოხად და ცოტას სუნთქავს,

შენი ფილტვები ვარდისფერია და ქარის ხმაზე ურმულსაც უკრავს.

ჰე, მარტო დავრჩით,

ჩვენ ორნი ვართ, სულ ორადორნი,

არავინ გვიშლის,

ჩვენ მხოლოდღა შემოვრჩით ბარში.

არ ჩანს ხმაური, არ გვაწუხებს მზის ათინათი,

ჩვენ მარტო ვსხედვართ,

სიმყუდროვეს ვისრუტავთ ტანით

და ფიქრში გხედავ –

სადღაც გინდა წახვიდე ნავით,

გაცურო სადმე, სიმაღლიდან ჩაწყვიტო ხიდი. .

მორჩა, ერთი დღეც გაილია, ჩაგვადნა ხელში,

დღესაც დავწვები და  რეისებს დავითვლი ბნელში.

ჰე მარტო დავრჩი,

ახლა მე ვარ – სულ ერთადერთი,

არავინ მიშლის, ავიაციის ხმა ისმის და

ვიძინებ შვებით.

– როგორ?

Posted: ივნისი 22, 2011 in gatovda isev piqris goraze..
როგორ მომინდი ამ ღამეში, ცივი წყალივით,
სიამოვნებით დავიბანდი ხელებს შენს თმებში.
შენი ყურითვე რომ მოგესმინა ეს მშვიდი ფრაზა,
უმალ მკითხავდი შებრუნებით: “როგორ მოგინდი?”
ჰოდა, თეთრ ხელებს ჩავუშვებდი ხშირ თმაში ღუზად,
გრილ თავის კანზე გავავლებდი მოგრძო ბილიკებს,
თვალმილულული მომადებდი მხარზე საფეთქელს
და მეც განვაგრძობ სეირნობას შენს თბილ სახეზე:
ნერვებს მიმშვიდებს კანის სითბო და სინოტივე,
ხელს ვერ გაშორებ მოხუჭული თვალის უპედან,
ქუთუთოს ერთი ჩამუხლვა და ღრმა სიმყუდროვე
ერთმანეთს ზუსტად უტოლდება, ორჯერ ორივით.
შენი სიმშვიდე მეფინება თავქვეშ ბალიშად,
ტანში დაცოცავს ბუსუსები ძილის სიცივის
და ამ ღამეში ისე ძლიერ, ისე მომინდი,
როგორც მოგზაურს წყალი, გზა და მთვარის ლიცლიცი.
უკვე ხუთი  საათია,  ერთ საათში გაგაღვიძებ,
შენი მშვიდი,  ფრთხილი ძილის საგუშაგო ავიშენე,
გფიქრობ,  გფერავ,  მახსენდები,  როგორც ძველი ჩანაწერი,
შენში ისე ვხეტიალობ,  როგორც მღვრიე სარდაფებში.
მერე გრძელი კალენდარის დერეფანში ვიკარგები-
თარიღები,  თარიღები,  მახსენდება ათასგვარი:
სექტემბერი მეთვრამეტე,  მეივლისე ოცდაათი,
მეთერთმეტე ზამთარი და შემოდგომა გარდაცვლილი.
ნოემბერი, დეკემბერი..  დეკემბერი..  დეკემბერი,
ასე ცხარე,  ასე მწველი,  სულ მთლად დაუჯერებელი…
უკვე ხუთი საათია,  ორი თვეც კი არის უკვე –
სულის ტევრში ჩამეხვია შენი თმების საუკუნე,
ნაფიქრალი,  ჩახერგილი – ნაგვიანად ახდენილი,
ისე მყუდრო და თარგივით უზუსტესად გამოჭრილი,
როგორც  სახლი სამკაული –  ქვის სასახლე,  ლოკოკინის..

ღამით მოლურჯოდ  ჩამონისლა თოვამ ჰაერი,
მთვარის ნათება გაიბურდა თოვლის ფერფლვაში,
ფიფქებს აგროვებს ქუდში ქერა ტომ სოიერი,
აუჩქარებლად ცეკვავს გზაზე წიწკვი ზამთარი.
გარეთ ფიფქი თოვს, ოთახს ათბობს თამბაქოს კვამლი,
შუშის სიცივემ გამიყინა მუხლისთავები,
ზამთრის თოვაში, ფიფქებთან ერთად,
ვცდილობ დავთვალო შენი ლოდინი.
ლურჯი ზარებით ეფინება ქალაქს მიტკალი
და ჯაზის რიტმებს ტანს აყოლებს ფიფქა ზამთარი…..
…… ფიფქა ზამთარი, ლურჯი ზარები,
ტომ სოიერი, მუხლისთავები,
ციცქნა მთვარე და ნისლის სურნელი…
ლოდინი, თოვა, ფანჯრის მინები…..
და ……. თბილი კოცნა ლავიწის ძვალზე —
უკვე მოხვედი –––
თოვლის და შენთვის ლოდინის თვლაში
ჩამძინებია ფანჯრის რაფაზე.